ყორე და ყორებეტონის ქვის წყობა და სამუშაოთა ორგანიზება – გაკვეთილი 1

ქვის წყობა არის კონსტრუქცია, რომელიც შედგება სამშენებლო დუღაბზე განსაზღვრული წესით დაწყობილი ქვებისაგან. წყობა განიცდის საკუთარი მასის, სხვა კონსტრუქციული ელემენტების და მათზე მოდებულ დატვირთვებს და ასრულებს თბო და ბგერათიზოლაციურ ფუნქციებს.

შენობებისა და ნაგებობების მშენებლობისას იყენებენ წყობის შემდეგ სახეებს: აგურის, ბეტონის, სილიკატური, მსხვილი ბლოკების, სწორი ფორმის ბუნებრივი ქვების, ყორული, ყორებეტონის და სხვა.

წყობის ამ სახეებს იყენებენ საძირკვლების, კედლების, ტიხრების, ბოძების, შენობებისა და ნაგებობების სხვა კონსტრუქციების ასაგებად.

სწორი ფორმის ბუნებრივი ქვების წყობას ახასიათებს მაღალი სიმტკიცე, მედეგობა გამოფიტვისა და გაყინვისადმი, დეკორატიულობა. ყორე და ყორებეტონის წყობები დაკავშირებულია ხელით შრომის დიდ ხარჯებთან და ამიტომ მას უმნიშველო მოცულობით იყენებენ. მაგრამ ადგილობრივი ქვის მასალების ყორული და ყორებეტონის წყობები ეკონომიურად იაფი ჯდება. ამ წყობების გამოყენება რეკომენდირებულია საძირკვვლების, სამაგრი კედლებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების წყობისათვის.

გამოყენებული მასალების მიხედვით განასხვავებენ შემდეგი სახის ქვის წყობებს:

ა) ბუნებრივი ქვების : ყორეწყობა – უსწორმასწორო ქვებისაგან, რომელიც გამოიყენება ხიდების, საყრდენი კედლების, საძირკვლების, სათავსოების, კედლებისა და სვეტების წყობისათვის, სარდაფებისთვის. თლილი წყობა – სწორი ფორმის ქვებისაგან, რომელიც გამოიყენება შენობების მოპირკეთებისთვის, სანაპიროების, ხიდების საყრდენების, მეტროს კონსტრუქციების და სხვა საინჟინრო ნაგებობებისთვის.

ბ) ხელოვნური ქვების : გამომწვარი ქვებისაგან – მთლიანი, ნახვრეტებიანი, მრავალჭვრიტული კერამიკული აგურისა და ბლოკებისგან, აგურის მსხვილი ბლოკებისგან. გამოუწვავი ქვებისგან – სილიკატური აგურისგან, ბეტონის მთლიანი და ღრუტანიანი ბლოკებისგან.

გ) შერეული მასალების: აგურის შემსუბუქებული – ჰაერის შუაშრეებით ან ამ სიცარიელეების წიდით, მსუბუქი ბეტონის გულანებით, თბოსაიზოლაციო მასალების შევსებით.

აგურის ყორექვით ან ფილებით მოპირკეთებული წყობა.

ქვის წყობისას გამოყენებული საკალატოზო დუღაბები განსხვავდებიან ერთმანეთისგან შემკვრელის სახეობის მიხედვით. კიროვანი – პლასტიკურია, გამოიყენება იმ შემთხვევაში როდესაც წყობას კუმშვისას მცირე ძაბვები ახასიათებს, ასევე მშრალ სათავსოებში. ცემენტის – ნაკლებად პლასტიკურია, გამოიყენება წყობაში დიდი ძაბვებისას, აგრეთვე მიწისქვეშა წყობის პირობებში და ცოკოლების წყობაზე ჰიდროსაიზოლაციო ფენის ქვემოთ წყლით გაჟღენთილ გრუნტებში. ცემენტ – კირის და ცემენტ – თიხის – რთული დუღაბები გამოიყენება როგორც მშრალ, ისე ტენიან სათავსოებში, წყობაში ჩვეულებრივი ძაბვებისა და პლასტიკურობის ამაღლებისათვის ხისტ დუღაბებს აგრეთვე ამატებენ სხვადასხვა მაპლასტიფიცირებელ ქიმიურ დანამატებს.

 

ქვის წყობის სამუშაოებში ძირითადად გამოიყენება დუღაბები მარკით 10, 25, 50 და იშვიათად 75, 100.

ჭრის წესები და ქვის წყობის ელემენტები.

წყობაზე მოქმედ ძალებს წინააღმდეგობას უწევს თვითონ ქვა, ვინაიდან წყობაში დუღაბი ნაკლებად მტკიცეა, ვიდრე მის მიერ შეკავშირებული ქვები. იმისათვის , რომ ქვის წყობამ იმუშაოს როგორც მონოლითმა, საჭიროა დაცული იქნეს ჭრის ძირითადი წესები.

გაღუნვისა და მოტეხის თავიდან ასაცილებლად, ქვები ერთმანეთზე ისე უნდა დავალაგოთ , რომ ისინი რაც შეიძლება მეტი ფართით და ყველაზე დიდი წახნაგებით ეხებოდენ. ასე მაგალითად, თუ A ქვა B ქვაზე დადებისას მას მხოლოდ ორ წერტილზე ეყრდნობა, მაშინ გარეშე P დატვირთვის ზემოქმედებით შეიძლება გაიღუნოს და გატყდეს კიდეც. ქვა A შეიძლება არ გატყდეს, მაგრამ ვინაიდან მისგან წნევა მხოლოდ ორ წერტილში გადაეცემა, ამიტომ A და B ქვები შეიძლება სწორედ ამ წერტილებში დაიფშვნას. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ერთი ქვიდან მეორეზე წნევის თანაბრად გადაცემისათვის საჭიროა ყოველი მათგანი ქვედას ეყრდნობოდეს არა ცალკეულ წერტილში, არამედ წახნაგების მთელი სიბრტყით, რომელსაც ქვების ქვეშაგები ეწოდება. ამასთანავე , თუ ქვების შეხების ზედაპირი ქვაზე მოქმედი ძალის პერპენდიკულარულია, მაშინ ქვები მხოლოდ კუმშვაზე მუშაობენ და აქედან გამომდინარეობს ქვის წყობის ჭრის პირველი წესი: ქვების ქვეშაგებები უნდა იყოს იმ ძალის პერპენდიკულარული, რომლებიც მოქმედებს წყობაზე, ხოლო ქვები წყობაში განლაგებული უნდა იყოს მწკრივებად (ნახ. 1).

ნახ. 1 წნევის გადაცემის სქემა ქვებით: ა) ორ წერტილში და ქვის გატეხვა; ბ) შეხების მთელ სიბრტყეზე.

თითოეულ მწკრივში ქვებს ისე აწყობენ, რომ ისინი ადგილიდან არ დაიძრან. თუ ქვების გვერდითი ზედაპირები დახრილია ჰორიზონტისადმი, მაშინ ასეთი ქვები წყობაში წარმოადგენს სოლებს, სოლისებრი ქვა 3 ისწრაფვის 2 და 4 ქვის ურთიერთ დაშორებას . ამის ასაცილებლად, საჭიროა ერთი ქვის მეორესგან გამმიჯნავი სიბრტყეები იყოს ქვეშაგების პერპენდიკულარული, ხოლო გარეთა ზედაპირისადმი მართობული. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოქმნილი 1 სოლი, რომელსაც მახვილი კუთხეები გარეთა ზედაპირისკენ აქვს, გამოვარდეს მწკრივიდან ან ჩამოტყდეს და დაარღვიოს წყობის მასივის მთლიანობა და სიმჭიდროვე. აქედან გამომდინარეობს ქვის წყობის ჭრის მეორე წესი: წყობის მასივი დანაწევრებული უნდა იყოსვერტიკალური სიბრტყეებით (ნაკერებით), რომლებიც პარალელური იქნება წყობის გარეთა ზედაპირისა (გასწვრივი ნაკერებით) და სიბრტყეებით, რომლებიც პერპენდიკულარი იქნება გარეთა ზედაპირისადმი (განივი ნაკერებით)( ნახ. 2).

ნახ. 2 დახრილი სიბრტყეებით გაკვეთილი წყობა: 1-4 ქვები.

Write a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *