ბეტონის კარკასული კონსტრუქცია

ბეტონის კარკასული შენობები არის ძალიან გავრცელებული – შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული – თანამედროვე შენობის ტიპი. სახელიდან გამომდინარე, შენობა შედგება კარკასისგან – ბეტონის ჩონჩხისგან. ჰორიზონტალური ელემენტებს რიგელები ეწოდებათ, ხოლო ვერტიკალურს – კოლონები. ადამიანები დადიან ბრტყელ სიბრტყეზე, რომელსაც ფილა ეწოდება. ამ ჩამოთვლილი სამი ძირითადი ელემენტისგან, ყველაზე მნიშვნელოვანია კოლონა, რადგან ის მთავარი მზიდი ელემენტია. რიგელის ან ფილის დაზიანების შემთხვევა, ძირითად გავლენას ახდენს მხოლოდ 1 სართულზე, მაგრამ ერთი კოლონის დაზიანებამ შესაძლოა მთლიანი შენობა დაანგრიოს.

სურათი 1 – კარკასული შენობის ელემენტები

როცა მშენებლობის სფეროში გესმით სიტყვა “ბეტონი”, აუცილებლად არის საუბარი არმირებულ ბეტონზე. არმირებული ბეტონი შეიცავს ფოლადის ღეროებს რომელთა ერთობლიობას (ხანდახან ცალკეულ ღეროს) ეწოდება არმატურა. ეს კომბინაცია მუშაობს საუკეთესოდ, რადგან ბეტონი კარგია კუმშვაზე მუშაობისას და მისი ადგილზე მოზილვა მარტივია, ხოლო ფოლადი ძალიან ძლიერია ჭიმვაზე. არმირებული ბეტონის დასამზადებლად პირველ რიგში საჭიროა ყალიბის გაკეთება (ძირითადად გამოიყენება ფიცარი) რომელშიც შემდგომ, სპეციალური განლაგებით იდება არმატურა, იკვრება ხამუთით და ისხმევა ბეტონის სითხე საპროექტო ნიშნულამდე. ბეტონი მაგრდება რამდენიმე საათში, მაგრამ ის მის საპროექტო სიმტკიცეს აღწევს 28 დღეში (14 დღეში აღწევს 90%მდე სიმტკიცეს). ამ 28 დღის მანძილზე (რომელსაც “ბეტონის დაყოვნება” ეწოდება), აუცილებელია ბეტონის დანამვა, რათა თავიდან იქნეს არიდებული ბზარების გაჩენა და სწორი ქიმიური რეაქციები წავიდეს ბეტონში.

  • კარკასული სტრუქტურის ელემენტები ერთმანეთთან ძალიან ძლიერადაა დაკავშირებული. ინჟინერიაში ესეთ შეერთებებს “მომენტის შეერთებებს” ან უფრო ხშირად ხისტად ჩამაგრებას ეძახიან. არსებობს სხვა ტიპის ჩამაგრებები, მაგალითად სახსრული, რომელიც ძირითადად გამოიყენება ლითონის სტრუქტურებში. ბეტონის კარკასში ჩამაგრებები 99% შემთხვევაში ხისტია, რაც ზრდის სტატიკური ურკვევობის რიგს და კარკასის დატვირთვების ზიდვის უნარს. დატვირთვები, დროში ცვალებადობის მიხედვით, შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად:
  • სტატიკური – დატვირთვები, რომელთა მნიშვნელობები დროში უცვლელია, ან იცვლება იმდენად უმნიშვნელოდ, რომ არ წამროიშვას მნიშვნელოვანი აჩქარებები. (კონსტრუქციის წონა, იატაკის მოჭიმვა, ბათქაში, კარ-ფანჯარა, ავეჯი და ა.შ. )
  • დინამიკური – დატვირთვები, რომელთა მნიშვნელობები დროში იმდენად სწრაფად იცვლება, რომ იწვევს მნიშვნელოვან აჩქარებებს. (მანქანა-დანადგარები მუშაობის პერიოდში, ქარი, მიწისძვრა და ა.შ.)

მოქმედების დროის მიხედვით დატვირთვები იყოფა ორ კატეგორიად:

  • მუდმივი – დატვირთვები, რომლებიც მოქმედებენ კონსტრუქციის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში. (წონა და ა.შ.)
  • დროებითი – დატვირთვები, რომლებიც კონსტრუქციის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში მოქმედებენ დროის ცალკეულ მონაკვეთებში. (ქარი და ა.შ.)

ბეტონის კარკასი დევს საძირკველზე. ძალთა გადანაწილება კი შემდეგია : შენობის დატვირთვები ნაწილდება ფილაზე რომელიც გადაცემს რიგელებს, რიგელები კი დატვირთვებს გადაცემენ კოლონებს. საბოლოოდ კოლონებს დატვირთვები ჩააქვთ საძირკველამდე, რომელიც თავის მხრივ დატვირთვებს გადაცემს გრუნტს.

სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები კარკასული ტიპის შენობისთვის არიან :

დიაფრაგმები – ე.წ. სიხისტის კედლები. ესენი ძალიან გრძელი კოლონები არიან, რომელთა სისქე შეიძლება 40სმ იყოს სიგანე კი აღემატებოდეს 3 მეტრს, რაც შეიძლება მათ გამყოფ კედელს უფრო ამსგავსებდეს ვიდრე კოლონას. მათი მთავარი დანიშნულებაა შენობის ჰორიზონტალური დატვირთვების მიღება (ქარისგან, მიწისძვრისგან) და შენობის სიხისტის გაზრდა. ისინი ასევე მუშაობენ ვერტიკალურ დატვირთვებზეც. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჰორიზონტალურ დატვირთვებზე ასეთი კედლები მუშაობენ მხოლოდ ერთი მიმართულებით – კედელი დატვირთვებს, მხოლოდ მისი სიგრძის პერპენდიკალური ძალებისგან იღებს.

ლიფტის შახტები – ვერტიკალური ყუთები, რომლებშიც ლივტებია განთავსებული. ეს შახტები ძირითადად ძალიან მაღალი სიმტკიცის ბეტონისგანაა დამზადებული.

კედლების ამოსაშენებლად კარკასულ შენობაში ნებისმიერი ტიპის მატერიალი შეიძლება იყოს გამოყენებული. ყველაზე გავრცელებული, ეკონომიურობის მიზნით არის ცემენტის ბლოკი. აგური, შედარებით ძვირიანი ვარიანტია, სამაგიეროდ ის ძალიან კარგია თბო და ბგერით იზოლაციაში.

Write a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *